გომელაურის აღიარება: ბრძანებებს მე გავცემ - გაზზეც, წყლის ჭავლზეც, ყველაფერზე

24.10.24 17:58
გომელაურის აღიარება: ბრძანებებს მე გავცემ - გაზზეც, წყლის ჭავლზეც, ყველაფერზე

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ანტირუსული აქციების დროს, წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზის გარევის ბრძანება თავად გასცა. 

გომელაური დღეს "ტვ პირველს" უმტკიცებდა, რომ აქციის დაშლისას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის ერთდროულად გამოყენება დასაშვებია და ამის უფლებას შსს-ს კანონი აძლევს.

აღსანიშნავია, რომ "შაბათის ეთერმა" "რაციების სკანდალზე" სიუჟეტის მომზადების დროს, უწყებას ოფიციალურად მისწერა, ხდებოდა თუ არა წყლისა და გაზის ერთობლივად გამოყენება, თუმცა მაშინ, შსს-ს მინისტრის შეცვლილი ბრძანება "ტვ პირველისთვის" არ მიწოდებია. 

გომალაურმა დღეს არ უპასუხა მარიამ გაფრინდაშვილის კიდევ ერთ კითხვას - კონკრეტულად რომელი მუხლი არეგულირებს წყლისა და გაზის ერთობლივად გამოყენებას. მინისტრმა თქვა, რომ ბრძანებას ტელეკომპანიას გამოუგზავნის, თუმცა ის "ტვ პირველს" ამ დრომდე არ მიუღია. 

ბრძანებებს ყველაფერზე გავცემ მე... მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც მე გავცემ ბრძანებას. არავითარი ჭელიძე, არავითარი ზვიად ხარაზიშვილი, მე გავცემ ყველა ბრძანებას"- თქვა გომელაურმა. 

შს მინისტრმა არ უპასუხა "პირველების" კითხვას აქციების დარბევისას ადგილზე თავად იყო თუ მისი მოადგილე, იოსებ ჭელიძე (მოზგი)

"ეგ თქვენი საქმე არ არის". "ვოცი ჩემი საქმე, მე გავცემ ბრძანებებს" - თქვა მინისტრმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის ეთერის ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები წინა კვირას დაადასტურა. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, გომელაურის უწყებამ აღიარა, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს აზავებდნენ.

ცნობისთვის, "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს შსს წყლის ჭავლში ცრემლმდენ გაზს ურევდა.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა და შსს-ს მოუწოდა, გაასაჯაროოს შს მინისტრის N1002-ე ბრძანება და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა ნორმა, რომელიც სამართალდამცავს უკრძალავდა აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის და ცრემლდენი გაზის, ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია წერდა, რომ ცრემლდენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენება  შს მინისტრის ბრძანებით აკრძალული იყო.