3 ქალაქი და 6 საარჩევნო უბანი - ამერიკაში ემიგრანტების უპრეცედენტო მობილიზებაა
3 ქალაქი და 6 საარჩევნო უბანი - ამერიკაში ემიგრანტების უპრეცედენტო მობილიზებაა. ცნობილია, რომ 4 საარჩევნო უბანი ნიუ-იორკში, 1 ვაშინგტონში და 1-იც სან-ფრანცისკოში გაიხსნება. შტატებში მცხოვრები და საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 14 010 რეგისტირებული ამომრჩეველი ახლა 26 ოქტომბერს ელოდება. საარჩევნო უბნების სიმცირის მიუხედავად, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რომ მათი ხმები არ დაიკარგოს. ბევრ მათგანს საარჩევნო უბნამდე მისასვლელად ასობით კილომეტრის გავლა და საკმაოდ მოზრდილი თანხის გადახდა უწევს.
ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, ამ დღეებშ გადაწყდება, გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ თუ გადავუხვევთ რუსეთისკენ და ეს არის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენ ყევლაფერს ვაკეთებთ აქ, რაც შეგვიძლია, - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
ეს არჩევნები განსაკუთრებულია. უნდა იყოს კიდეც განსაკუთრებული, იმიტომ, რომ ამით წყდება ქვეყნის მიმართულება. განსაკუთღებით ემიგრანტები, რომლებმაც უკვე ნახეს სიკეთეები ევროპის და ამერიკის, ისინი უფრო მეტად აფასებენ და ჩემი აზრით, მაგიტომაც არის, რომ ემიგრანტები უფრო მეტად არიან მოწადინებული, რომ ორგანიზება გაუკეთონ ამ ყველაფერს, - ამბობს ემიგრანტი.
ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ახლა ერთმანეთის გვერდში დგომა და ტრანსპორტირებაში დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მნიშვნელოვან არჩევნებში თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, დამკვირვებლებს თუ ამომრჩევლებს, ვინც ამხელა მანძილს გადიან შტატებიდან შტატებში, რომ ხმა მისცენ, დამკვირვებლად, მოხალისეებად იმუშავონ. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია წელს და თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, - ამბობს ემიგრანტი.