მისიებთან ვისაუბრეთ იმ ძალადობრივ გარემოზე, ადამიანის დაშინების მცდელობაზე, რასაც მიჰყო ხელი ივანიშვილმა - ბოკუჩავა

25.10.24 13:38
მისიებთან ვისაუბრეთ იმ ძალადობრივ გარემოზე, ადამიანის დაშინების მცდელობაზე, რასაც მიჰყო ხელი ივანიშვილმა - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საერთაშორისო მისიებს იმ ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყველა წინასაარჩევნო კვლევა და ასევე საზოგადოებაში არსებული განწყობა ადასტურებს, რომ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. 

ვისაუბრეთ იმ ძალადობრივ გარემოზე, ადამიანის დაშინების მცდელობაზე, რასაც მიჰყო ხელი ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის შიშით. მოლოდინებზეც იყო კითხვები. ყველა საზოგადოებრივი კვლევა, ისევე, როგორც ზოგადი განწყობა მიუთითებს ოპოზიციის დამაჯერებელ გამარჯვებაზე. ჩვენ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ძალიან მშვიდ, მწყობრ გარემოში წარვმართოთ კოალიციური მოლაპარაკებები, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი იმისთვის, რომ დროულად შეიქმნას კოალიციური მთავრობა, - ამბობს ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ დილიდან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვედნენ. შეხვედრა შედგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთანაც, რომლებმაც მისიებს წინასაარჩევნო დარღევებთან დაკავშირებით მტკიცებულებები მიუტანეს. ცოტა ხნის წინ შეხვედრა დასრულდა ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, თუმცა მედიასთან არცერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია.