გვაქვს ვიდეომტკიცებულებები, რომ კახეთის აზერბაიჯანულ სოფლებში მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ - ხიდაშელი
ამომრჩეველზე წეზოლის ახალი მტკიცებულებები - თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კახეთში, აზერბაიჯანულენოვან სოფლებში ხალხს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ.
ხიდაშელი ამბობს, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები არსებობს, თუმცა მოქალაქეეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასალა ჯერ ვერ გასაჯაროვდება.
“ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა და იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ გამოძიებისთვის ამის გამოყენება არ გახდება საჭირო“,- აცხადებს ხიდაშელი.
ჩვენ გვაქვს ვიდეომტკიცებულებები კახეთის აზერბაიჯანულ სოფლებიდან, რა თქმა უნდა ამას ახლა არ ვაქვეყნებთ, მათივე უსაფრთხოების მიზნით. ვიდეოში ეს ადამიანები გვიყვებიან, რა კომუნიკაცია ჰქონდათ მათთან “ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც პირადობის მოწმობები შეაგროვეს. საუბარია ძირითადად ქალებზე, რომლებსაც უთხრეს, რომ თავი არ შეიწუხონ, არ მივიდნენ არჩევნებზე, მათ ნაცვლად ხმას მისცემენ და პრობლემა არ იქნება და პირადობებს არჩევნების შემდეგ დაუბრუნებენ.
პირობას ვაძლევ ხელისუფლებას, რომ ვერცერთ ასეთ პირადობას ვერ გამოიყენებენ. თავი შეიკავონ უბნებზე კონფლიქტებისგან, რადგან ჩვენი დამკვირვებელები უკლებლივ ყველა ადამიანს გაკონტროლებენ, - თქვა თინა ხიდაშელმა.
წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED). ორგანიზაციის განცხადებით, “ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რის გამოც, სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობდა.
როგორც ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, “წინასაარჩევნო გარემო ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების/დამუშავებისა და მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა დააზიანა”.