ჩვენი ხმა ეკუთვნის საქართველოს ევროკავშირში! - ხელოვანები მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ

25.10.24 16:19
ჩვენი ხმა ეკუთვნის საქართველოს ევროკავშირში! - ხელოვანები მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ

მწერლები, პოეტები, მომღერლები, მხატვრები საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებენ. ხელოვანები პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა თითოეული ხმა გადამწყვეტია, რადგან სწორედ ახლა წყდება როგორი იქნება საქართველოს ბედი - ევროპული თუ რუსული.

ძალიან მნიშვნელოვანია 26-ში არჩევნებზე წასვლა და დაფიქსირება იმისა, რომ ჩვენი ხმა ეკუთვნის საქართველოს ევროკავშირში. საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველა მეფის, ყველა მოაზროვნის, მწერლის, დიდი პოეტის, ამ ქვეყნის ამაგდარის ოცნება იყო, რომ საქართველოს დაბრუნებულიყო თავის ბუნებრივ ცივილიზაციურ სივრცეში - დაბრუნებულიყო ევროპაში, - აცხადებს პოეტი რატი ამაღლობელი.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ სწორედ ახლაა დრო, რომ ყველა დაირაზმოს და ერთმანეთის გვერდში დადგეს.  

ახლა არის ზუსტად დრო იმისა, რომ ყველა დავირაზმოთ. დავირაზმოთ, დავდგეთ ერთმანეთის გვერდში და ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ასე იოლად გაგვტეხავენ, - აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე. 

მსახიობი ქეთი ჩხეიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.  

არჩევნებზე იმიტომ უნდა წავიდეთ, რომ არ დაიკარგოს თითოეული ჩენგანის ხმა და იქნებ როგორმე დაბალანსდეს ჩვენს ქვეყანაში, რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა, - აცხადებს ქეთი ჩხეიძე. 

მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ არჩევნები ქვეყნის ევროპულ კურსს განსაზღვრავს, ამიტომ ყველა მოქალაქის ხმა მნიშნელოვანია.  

ჩვენ უნდა წავიდეთ 26-ში და აუცილებლად შევიდეთ პირდაპირ ევროპაში. ვიმსახურებთ ევროპას. ჩვენი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს, ესენი რუსები არიან, ესენი ფულის მკეთებელი ბანდიტები არიან, ესენი არიან ფულის „კაგებეშნიკები“, - აცხადებს გია ბუღაძე.  

მსახიობი ბაია დვალიშვილი გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.  

იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს... ბრძოლა ხომ ყოველთვის ხმლით და თოფით არ არის, მაგრამ ეს ბრძლა არის მოსაგები ჩვენს თავთან, - ამბობს ბაია დვალიშვილი.  

შეგახსენებთ, რომ ხვალ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.