რა პროცედურების გავლა მოგიწევთ საარჩევნო უბანზე?

25.10.24 17:44
რა პროცედურების გავლა მოგიწევთ საარჩევნო უბანზე?

რა პროცედურების გავლა მოგიწევთ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე? - თავდაპირველად, საარჩევნო უბნის შესასვლელში დაგხვდებათ რიგის მომწესრიგებელი, რომელიც თქვენს თითებს შეამოწმებს, ხომ არ გაქვთ გავლილი უკვე მარკირება, ანუ, ხომ არ დაგიფიქსირებიათ თქვენი არჩევანი ამ, ან სხვა საარჩევნო უბანზე. 

ამის შემდეგ უნდა გადახვიდეთ ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან, რომელსაც პირადობის მოწმობა, ან პასპორტი უნდა წარუდგინოთ, რომელსაც რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატში გაატარებს.

პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ვერიფიკაციის აპარატში გატარების შემდეგ, აპარატიდან ამოიბეჭდება ქვითარი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროთ და შემდეგ ქვითარი ფოტოზე მითითებულ მწვანესახურავიან, დალუქულ ყუთში უნდა ჩააგდო. 

ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, რეგისტრატორი მოგაწვდით ბიულეტენს ჩარჩო კონვერტთან ერთად და შემოგთავაზებთ, რომ გააფერადოთ საცდელი რგოლი ზუსტად იმდაგვარად, როგორც ამას შემდეგ უკვე კენჭისყრის კაბინაში გააკეთებთ. 

მას შემდეგ, რაც რეგისტრატორი გადმოგცემთ ბიულეტენს, უნდა გადაინაცვლოთ კენჭისყრის კაბინაში. კაბინებზე აღარ არის ჩამოკიდებული ე.წ. ფარდები, როგორც ეს 2021 წლამდე იყო, თუმცა კაბინა სრულად იცავს ხმის ფარულობის პრინციპს და ვერავინ დაინახავს, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტი გააფერადეთ ბიულეტენზე. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისთვის და დამკვირვებლებისთვის ადვილად შესამჩნევი იქნება, თუკი ბიულეტენს ფოტოს გადაუღებთ. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის კაბინაში ფოტოს და ვიდეოს გადაღება აკრძალულია. 

მას შემდეგ, რაც ბიულეტენზე თქვენთვის სასურველი კანდიდატის გასწვრივ არსებულ წრეს გააფერადებთ, გამოდიხართ კაბინიდან და მიდიხართ ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატთან. სწორედ ამ აპარატში უნდა მოათავსოთ თქვენი ბიულეტენი და დაელოდოთ, როდის დაეწერება ეკრანზე, რომ თქვენი ხმა მიღებულია.

სწორედ ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატში ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ, შეგეძლებათ, რომ საარჩევნო უბნიდან გამოხვიდეთ.