საქმეში ჩანაწერის გაჩენის შემდეგ, ივანიშვილმა მეორე ჩვენება მისცა, სადაც პირველ ჩვენებას თავდაყირა აყენებს - ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან
ექსკლუზივი - ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს განკარგავდა "ტვ პირველთან" აქამდე უთქმელ ამბებზე ალაპარაკდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში დეტალურად ჰყვება რა ეტაპზეა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა.
ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთი ჩვენება მისცა და როგორც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, "ყველაფერი თავდაყირა დააყენა".
უფრო კონკრეტულად, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ჩანაწერის გაჩენის შემდეგ, ივანიშვილმა ხელმეორედ დაკითხვა მოითხოვა:
მე მაქვს ნამდვილად ბევრი ინფორმაცია, რომელიც ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სანამ გააკეთებს ქვეყნისათვის ასეთ კრიტიკულ არჩევანს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე დღეს არ არის მნიშვნელოვანი.
ივანიშვილმა მოახერხა და ისეთი საოცრება, ზღაპარი შეთხზა, რომ თავისივე პროკურატურა შოკშია. არ იციან, ამ საქმისგან რა უნდა გამოძერწონ. ადამიანმა რა დამაბრალა, რომ მე ჩემი კომპანიით ავიღე "ქართუ ბანკში" სესხი. ჩემივე პირადი თანამონაწილეობა მქონდა ამ სესხში 30$. ეს სესხი დავფარე წელიწადში და რამდენიმე თვეში. ასევე ბანკის დირექტორმა გარკვეული თანხა მოითხოვა ზემოდან დამატებითი რისკის ასანაზღაურებლად, ეს თანხაც გადახდილი იყო დაახლოებით წელიწადში და რამდენიმე თვეში. ამის მერე, 6-7 წლის მანძილზე საერთოდ ხსენებაც არ ყოფილა არაფრის და ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ ეს სესხი კი არ ყოფილა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე მისი ბიზნესი და რომ მე ამ საქმის შესრულებაში არც გასამრჯელო უნდა ამეღო, არც ანაზღაურება და არც არანაირი წილი არ მეკუთვნოდა.
იმის შემდეგ, რაც მე წარვადგინე მტკიცებულებები პროკურატურაში, დამერწმუნეთ, მატერიალური მტკიცებულებები, ანუ, უტყუარი მტკიცებულებები ამ საქმეში არის, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს სასარგებლოდ, მათ შორის, ჩანაწერი. ამის შემდეგ, ის ოთხი თაბახი ზღაპრების შემდეგ, მოუწია 8 თაბახი რომ დაეწერა ზემოდან, რომ თურმე ჩვენ თავიდან სხვა მოლაპარაკება გვქონია და ერთ დღეში ივანიშვილმა შეცვალა და ეს ბიზნესი უცბად მისი გახდა.
ახალი ჩვენება მისცა ივანიშვილმა, მეორე ჩვენება, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პროკურატურაში ჩანაწერი მივიტანე. ამ ჩვენებაში თავდაყირად აყენებს თავის პირად ჩვენებას და ამბობს, რომ როგორც გიორგი ამბობს, რომ თავიდან ყველაფერი ასე იყო მართლაო, დამავიწყდა თავიდან ამ ყველაფრის თქმა, მოყოლაო, თავიდან მნიშვნელოვანი არც იყოო, მაგრამ ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ შემეცვალა, სულ თავდაყირა დავაყენე ყველაფერი და ჩემი გახდა ის პროექტი, რომლითაც ბაჩიაშვილი იყო მოსულიო"- ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
კითხვაზე, როდის დაიძაბა და რატომ რატომ გაგიბრაზდათ ივანიშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ ივანიშვილმა აგენტად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი "მარიონეტი" არ გახდა.
- გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი:
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.