ექსკლუზივი: გიორგი ბაჩიაშვილი პირველად ჰყვება როდის რატომ გაიყარა მისი და ივანიშვილის გზები?

25.10.24 21:45
ექსკლუზივი: გიორგი ბაჩიაშვილი პირველად ჰყვება როდის რატომ გაიყარა მისი და ივანიშვილის გზები?

 

 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირველად ყვება, როდის დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილი? - "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "მარიონეტი არ გახდა", რასაც შურისძიების კასკადი მოჰყვა. 

"ივანიშვილის გარემოცვაში ძალიან ცუდი მაგალითი ვიყავი" - უთხრა ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძეს. 

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ Credit Suisse-თან ფინანსური პრობლემის გადაწყვეტას თავად ხელმძღვანელობდა, თუმცა ამის მიუხედავად არ ეთანხმებოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ საქმეში გარე ძალები იყვნენ ჩართულნი: 

მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა Credit Suisse-ში თანხის გაფლანგვა, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის მხარეს; მე არ ვიცი, თავად Credit Suisse-ში ეს როდის აღმოაჩინეს. შევკრიბე საერთაშორისო იურისტების არმია, შეიძლება ითქვას, რომელსაც ვხელმძღვანელობდი.  მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ვხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს. მე ეს არ მივატოვე, მას პირობა მივეცი, ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო, ივანიშვილის სიყვარულით არ გამიკეთებია, ეს ჩემი დაწყებული საქმე იყო და ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში, აბსოლუტურად ყველა პუნქტი რომელზედაც მას ნაჩივლი ჰქონდა, დააკმაყოფილა სასამართლომ, ბერმუდამაც და სინგაპურმაც. შესაბამისად, მე ჩემი ყველანაირი პროფესიული და მორალური ვალდებულება ძალიან კაცურად და ბოლომდე შევასრულე.

არცერთი საქმე არ მივატოვე, თანაინვესტირების ფონდშიც ძალიან ძლიერი გუნდი დავუტოვე, რომლითაც ვამაყობ, სათითაოდ ყველა იმ ადამიანით, რომელიც თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. რა თქმა უნდა, Credit Suisse-ის საქმე ბოლომდე მივიყვანე ისე, რომ მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს 10-ით ნული მოვუგე“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილი აქვე ამბობს, რომ მას ივანიშვილმა უკრაინის ღია მხარდაჭერა ვერ აპატია: 

„მე უბრალოდ ივანიშვილის გარემოცვაში ვიყავი ძალიან ცუდი მაგალითი ადამიანის, რომელსაც აქვს თავისი აზრი. მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვაში, სხვა არავინ ყოფილა, ვინც უკრაინის ომის დაწყებისას აქტიურად ჩემი სოციალური მედიის მეშვებით დავიწყე რუსეთის აგრესიის დაგმობა და უკრაინის მხარდაჭერა. ესეც ვერ აიტანა ივანიშვილმა, ვერ აიტანა, რომ როდესაც მან საქართველოს გარე პოლიტიკური კურსის მოსატრიალებლად დაიწყო დასავლეთისგან რაღაც მონსტრის შექმნა, გარე ძალებზე და გლობალურ ომის პარტიაზე და მსგავს სისულელეებზე მაქვს საუბარი, ამას თხზავდა ზუსტად მაშინ, როდესაც იწყებოდა რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებები. მე ამაში არ ავყევი და არც დავეთანხმე იმ სიგიჟეში, თითქოს რაღაც გარე ძალები იყო ჩარეული მისი და Credit Suisse-ის საქმეში. თუკი რამე ძალები იყო ჩარეული ამ საქმეში ყველა ძალა იყო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან აბსოლუტურად ყველა სასამართლო მოგებული გვაქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია, იურისტების არმიაც ჰყავთ და ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა გაწელონ საქმეები და ამას აკეთებდნენ, რისთვისაც ბევრმა მოსამართლემ გააკრიტიკა, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე ამაში ჩარეული იყო, სიგიჟეა“,- ამბობს ბაჩიაშვილი.