"ივანიშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება" - ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქმე სტრასბურგისთვის მზად აქვს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, ამბობს, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად მზად აქვს.
"ეს ივანიშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება" - უთხრა გიორგი ბაჩიაშვილმა ნოდარ მელაძეს.
მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცებს, როგორ კერავს ივანიშვილი საქმეებს.
კითხვაზე, ელოდება თუ არა სკანდალური მხილების შემდეგ, მისი საქმე ფორსირებულ ტემპში გაგრძელდეს და "ივანიშვილმა ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს", ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ მას "ივანიშვილის სასამართლოსი და პროკურატურის არ ეშინია":
ივანიშვილის სასამართლოსი და პროკურატურის არ მეშინია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ხელი მოაწერინოს და შტამპი დაარტყმევინოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუმცა არსებობს სტრასბურგის სასამართლო - ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო. მე უკვე ჩართული მყავს იურისტები და საქმეც არის მზად იქ შესატანად და ეს იქნება ივანიშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იმიტომ, რომ მანდ მე ნამდვილად დავადასტურებ დოკუმენტურადაც იმ ყველაფერს, თუ როგორ მართავს ივანიშვილი სასამართლოსაც, პროკურატურასაც და როგორ კერავს საქმეებს.
სასამართლოში ყველა პროცედურის დაცვით, გამოჩნდება ყველანაირი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებს გიორგი ბაჩიაშვილის უდანაშაულობას, ეს ივანიშვილისთვის და მისი მარიონეტი მოსამართლე-პროკურორებისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, ეს მანაც ძალიან კარგად იცის. ამიტომაც, არის, რომ ვერც წინ მიდიან და ვერც უკან, რადგან საქმე არ არსებობს, ივანიშვილის ზეპირი ჩვენების გარდა არცერთი დამადასტურებელი საბუთი, ნივთმტკიცება არ არსებობს, რომელიც რაიმე დანაშაულზე მიუთითებს. გამოგონილი დანაშაულია, არ არსებობს თემა, რაზედაც შეიძლება ივანიშვილი მე მედავებოდეს“, - განაცხადა ბაჩაშვილმა.