საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია

26.10.24 08:00
საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ჩატარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით გაიმართება.

"ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. საზღვარგარეთ კენჭისყრა შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი", - ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

დღევანდელ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი დააკვირდება. სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოში უკვე ჩამოვიდა არაერთი საერთაშორისო დელეგაცია. ასევე, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.

 მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

არჩევნებს დააკვირდება 103 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე 64 საერთაშორისო ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 98 მედიაორგანიზაცია. სულ გახსნილი იქნება 84 საარჩევნო ოლქი - რაც შეეხება საარჩევნო უბნებს მათი რაოდენობა ჯამში 3 111 შეადგენს, მათ შორის 67 უბანი 42 ქვეყანაში. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათ შორის საზღვარგარეთ 95 910 მოქალაქეა. წელს არჩევნებში პირველად ხმას 135 922 ახალგაზრდა მისცემს.