ივანიშვილმა კონსპირაციული თეორიები საარჩევნო უბანთანაც გაიმეორა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მედიასთან ისევ კონპირაციულ თორიებზე ისაუბრეს.
ბიძინა ივანიშვილი ისევ აგენტურაზე საუბრობს.
მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ივანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც აგენტურას მართავს და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. გარწმუნებთ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან. უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, სიძულვილის ენა, პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ზრუნავს, ცდილობს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ იმას, რაც უცხო ქვეყანას აინტერესებს. ეს ინტერესი გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
"ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალურ ინტერვიუყზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.