სიორიძე განმარტავს, რა მუხლები დაარღვია ივანიშვილმა
ცესკოს ოპოზიციონერი წევრი გიორგი სიორიძე იმ მუხლებს ასახელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის დროს დაარღვია. "ძლიერი საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ამ დარღვევებზე საჩივარი უკვე დაწერილია, თუმცა მოჰყვება თუ არა მას რეაგირება, კითხვის ნიშნის ქვეშაა.
დაფიქსირდა საარჩევნო კოდექსის დარღვევა ორი თვალსაზრისით. საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი ზუსტად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვინც არის უფლებამოსილი, რომ იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში. სამწუხაროდ, ის იყო პირად დაცვასთან ერთად შესული და ამით ძალიან ცუდი მაგალითი მისცა საზოგადოებას, როდესაც ამხელა მმართველი პარტიიდან მისი საპატიო თავმჯდომარე მობრძანდება უბანზე და პირდაპირ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და აგრეთვე, თუ ეს პირები შეიარაღებულები იყვნენ, ეს აგრეთვე გახლავთ საარჩევნო კოდექსის 59 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.
ამასთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თუმცა ბუნებრივია, ამაზე რეაგირება იქნება თუ არა სამართლებრივი და როგორ გადაწყვეტენ. რადგან ეს ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - ამბობს სიორიძე.