კალანდარიშვილი მარნეულზე: მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები

26.10.24 13:35
კალანდარიშვილი მარნეულზე: მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები

მარნეულის 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას აკეთებს. 

გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის საოლქო კომისიას მოუწოდებს სწრაფად მოიწვიოს კომისიის სხდომა, გაერკვეს სიტუაციაში და სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. 

„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში. მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე. მინდა, სამინისტროს ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს წარმოება, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.