ზუგდიდში "ძლიერი საქართველოს" დამკვირვებელი სცემეს - ლევან სამუშია მოსყიდვის ფაქტებზეც საუბრობს
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე "ძლიერი საქართველოს" წევრი დავით ჩქოტუა სცემეს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია საუბრობს. ოპოზიციონერის თქმით, ჩქოტუა საოლქო კომისიის წარმომადგენელია და მას საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მისცეს.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს ასეთი უპრეცედენტო აქტიურობისთვის. ეს უპრეცედენტო აქტიურობა არის რუსული ხელისუფლებისთვის განაჩენი, ეს მათ იციან. არ მოაკლოთ აქტიურობა. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე დარღვევებს ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის საოლქო კომისიის “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელზე, დათო ჩქოტუაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება, ზეწოლა, ეს ადამიანი ნაცემია. ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მე-9 უბანზე, ჩქოტუას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და არა ისე, რომ გამოძიება დაიწყონ და თაროზე შემოდონ. გამოძიება დაიწყოს და სავარაუდო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. არსებობს ამის ფაქტები და მტკიცებულებები,- განაცხადა სამუშიამ.
გარდა ამისა, სამუშიას თქმით, ზუგდიდის მე-15 უბანზე სავარაუდოდ ადგილი აქვს თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტებს. ასევე, მისი თქმით, უბნებზე შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების ჯგუფი, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიციასთან არიან შეკრულები.