"ოცნების" ე.წ. შპანა მოვიდა და ფიზიკურად გაგვისწორდა - ნაცემი დამკვირვებელი

26.10.24 15:43
"ოცნების" ე.წ. შპანა მოვიდა და ფიზიკურად გაგვისწორდა - ნაცემი დამკვირვებელი

გლდანში, N 60 საარჩევნო უბანზე მომხდარ ხელჩართული ჩხუბის დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

ნაცემი ახალგაზრდა ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულის წევრები არიან. მისი თქმით, ისინი სუსის დავალებას ასრულებენ, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამ პროცესის ჩაშლას ახლა ძალადობით ცდილობს. 

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად, მარტო მე არა, ძალიან ბევრ თანატოლს, დამკვირვებელს გაუსწორდნენ, არიან "ქართული ოცნების" "ახალგაზრდულის"  წევრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ.

აქ მოსული იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელსაც მოჰყვა, ეგრეთ წოდებული, "შპანა", რომლებსაც სურდათ არეულობა. იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ, იციან, რომ დღის ბოლოს ისინი სახლში წავლენ და ცდილობენ, რომ არჩევნების პროცესი შეაფერხონ. 

სპორტული ტრავმა მქონდა, უბრალოდ, დღეს, სახლში გაჩერება არ შემეძლო. ისეთი დღეა, რომ, ყველამ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. გამოვედი და ჩხუბის პროსესში შევყევი, არავის არ ინდობდნენ, არ აინტერესებდათ ხელჯოხიანი იყავი, ქალი, ბავშვი თუ ასაკოვანი, დაახლოებით, 30 კაცი, ყველას ფიზიკურად გაუსწორდა, - ამბობს დაშავებული დამკვირვებელი.   

შეგახსენებთ, რომ გლდანში დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო. საარჩევნო უბანზე დაახლოებით 20-მდე შავებში ჩამული და პირბადეებიანი პირი მივიდა და თავს ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დაესხა.