სადაც ოპოზიცია იგებს, იქ ცდილობენ დაპირისპირებას, რომ აღნიშნული უბნები გაუქმდეს - ბოკუჩავა
“ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა მარნეულში ჩავიდა, სადაც ინციდენტების გამო, საარჩევნო უბანი დაიხურა.
ბოკუჩავამ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელსაც მათი პარტიის წარმომადგენლები უშუალოდ უბანზე ხვდებიან და აღნიშნა, რომ ივანიშვილი და “ოცნება“ კარგად ხედავენ, რომ არჩევნებში მარცხდებიან და ისეთ ადგილებში მიმართავენ ძალადობას, სადაც ოპოზიციას აქვს უპირატესობა.
ჩვენი წარმომადგენელი ამბობს, რომ მე-18 უბანზე იყო მცდელობა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემის, რომლის აღკვეთაც სცადეს. ასევე იყო მობილიზაციის და აგიტაციის მცდელობა, რაც ასევე უკანონობაა. იცით, რომ მარნეულში არაერთ უბანზე დაფიქსირდა დარღვევები. მათ შორის ძალადობას ჰქონდა ადგილი. როდესაც ჩვენს თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ახლა იმყოფება ჰისპიტალში. ასევე 69-ე უბანზე მარნეულში საერთოდ დაიხურა უბანი და გაუქმდა შედეგები. სწორედ იქ იგებდა ნაციონალური მოძრაობა, ეს კარგად იცოდნენ და ამ ტენდენციას ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წევრები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმისთვის, რომ შემდეგ აღნიშნული უბნები გაუქმდეს.
ივანიშვილი და “ოცნება“ კარგად ხედავს, რომ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესობა აქვს ოპოზიციას. მიუხედავად იმის, რომ ერთი უბანი გაუქმებულია, მთელი საქართველოს შედეგებს ვერ გააუქმებს “ოცნება“ და ვერ გააუქმებს იმ გამარჯვებას, რომელიც იქნება დიდი, ეროვნული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის .
მნიშვნელოვანია, რომ ყველგან მივიდეთ, სადაც ასეთ ძალადობას აქვს ადგილი, მოვახდინოთ იდენტიფიცირება და მოვითხოვოთ მათი დასჯა, ის ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- განაცხადა ბოკუჩავამ.