შსს მინისტრი პრეზიდენტის ზარებს არ პასუხობს, გათიშულია სამთავრობო ხაზი - პრეზიდენტის ბრიფინგი
შსს მინისტრი პრეზიდენტის ზარებს არ პასუხობს - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ გათიშულია სამთავრობო ხაზი.
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა მინისტრს ტელეეთერით მიმართავს, რომ პოლიციამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
"მოვუწოდებ შს მინისტრს, პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი. ამ ტიპის დაძაბულობა უბნებზე არ გვეკადრება", - თქვა ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს ამ დღის მეორე ნახევარში. ველოდებით კიდევ უფრო მაღალ აქტივობას, მაღალი აქტივობაა ასევე საზღვარგარეთ, თუმცა იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია.
ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები მიდიან აქტიურად და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თუმცა მინდა, ასევე აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები, მათ შორის ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე, მედიას აპარატურა დაუმტვრიეს, ხან არის პირდაპირი ძალადობა. ჯგუფები არიან შეკრებილი და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს ძალიან სამწუხაროა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, რეპუტაცია და ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, არავინ შეშინდეს ამით. ამის მიუხედავად, მინდა, მივმართო შს მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვუკავშირდები, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა მას ვთხოვო, რეაგირება პოლიციის იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტიანი, რადგან არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მედიას გამბედაობისა და ეფექტიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ამომრცევლებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.