პირადად გომელაური, როგორც შს მინისტრი იქნება პასუხისმგებელი, რომ პოლიცია არ რეაგირებს დარღვევებზე - ნაცვლიშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე პასუხისმგებლობა პირადად შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკისრება.
მისივე განცხადებით, პოლიციელები თავად არღვევენ კანონს, როცა ინციდენტებზე არ რეაგირებენ.
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს - მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისთვის, რაც ახლა ხდება არაერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ. ჩვენ ვხედავთ სუს-ის მიერ ორგანიზებული და კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები და ზონდერები, როგორ ცდილობენ თავდასხმა განახორციელონ საარჩევნო პროცესზე და საარჩევნო პროცესს აგრესიით გამოუთხარონ ძირი. ისინი ცდილობენ დააშინონ მოქალაქეები, დამკვირვებლები და არ მისცენ საშუალება ქვეყანას, რომ ნორმალურ საარჩევნო ვითარებაში გაგარძელდეს საარჩევნო პროცესი.
პირადად გომელაური, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, იქნება პასუხისმგებელი, რომ პოლიცია არღვევს კანონს, არ მოქმედებს, როდესაც მას ევალება მოქმედება - შეაჩეროს ზონდერები, რომლებიც საარჩევნო პროცესს ესხმიან თავს.
მივმართავ ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ დააფიქსიროს პოზიცია, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები ხდება საარჩევნო უბნის მიმდებარედ, თმცა, პირდაპირ გავლებნას ახდენს საარჩევნო პროცესზე.
ოცნება აგებს არჩევნებს და ცდილობს ძალადობით გადაფაროს ეს ფაქტი, მაგრამ მათი მარცხი გარდაუვალია“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.