მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაურია - საიას დამკვირვებელს თავს დაესხნენ

26.10.24 17:38
მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმაურია - საიას დამკვირვებელს თავს დაესხნენ

საარჩევნო პროცესი მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

როგორც "პირველების" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა.

გიორგი გოცირიძეზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს საია ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. ორგანიზაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ მომხდარზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინოს. 

გაცნობებთ, რომ საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას. დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება”, – აღნიშნავენ საიაში.

ამასთან, ფიზიკურად შეეხნენ "ტვ პირველის" ოპერატორსაც.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მარნეულში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე იმყოფება.