ორ საათში რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ - მამუკა ხაზარაძე
გამოდით ყველა და ამ ორ საათში დავამთავროთ რუსული ხელისუფლება საქართველოში - ასე მიმართა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ჯენზის.
ხაზარაძემ თქვა, რომ სწორედ მომავალი თაობის მიერ დაფიქსირებულ არჩევანზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ევროპული ომავალი.
„17:00 საათის მონაცემებით, აქტიურობა არის 51%, ეს არის ძალიან მაგარი აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. სულ რაღაც 2 საათში ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო ძლიერი ქვეყნის მშენებლობას დაიწყებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ არჩევნებზე, განსაკუთრებით Gen Z-ის. აი, ეს ადამიანები, ახალგაზრდები, ვინც ჩვენთან დღეს დგანან და ვინც დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შტაბში მუშაობს იმიტომ, რომ არცერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს და დაიცვას. თქვენს გამოსვლაზე, თითოეულ ხმაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი გამარჯვება.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხნედ მივიდეთ, მხარი დავუჭიროთ განსხვავებას, თავისუფლებას, ევროპულ არჩევანს, იმიტომ, რომ დღეს თითოეული თქვენგანი ისტორიას დაწერთ. ისტორია, რომლის დაწერის შანსი თითოეულ ჩვენგანს მოგვეცა. ამიტომ ძალიან მაგრად იყავით, თამამად გამოდით და ამ 2 საათში დავამთავროთ რუსული ხელისუფლება საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.