იყო დაძაბული, პოლარიზებული გარემო, დაშინება და ზეწოლა - NATO-ს ასამბლეის ხელმძღვანელი
დაძაბული, ღრმად პოლარიზებული გარემო, დაშინების და ზეწოლის შემთხვევები ამომრჩევლებზე - ასეთია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასება გუშინ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე.
ფაიქ ოზთრექი ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაც აწუხებდა ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი პირობები და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა იყო.
პირადად მე რაც მაწუხებდა, ეს იყო შემდეგი საკითხები: დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, ასევე, დაშინების და ზეწოლის შემთხვევები ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნის გარეთ. ასევე, ხმის ფარულობის დარღვევა და არათანაბარი პირობები, განხეთქილების შემომტანი რიტორიკა და ასეთი იმიჯის დასახვა...
ჩემი მოვალეობაა, ვისაუბრო ამ არჩევნებზე და მოვამზადო ანგარიში, რათა მერე ასამბლეამ ხელახლა გადასინჯოს, ახალი კალიბრით შეამოწმოს და განაგრძოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).