გაყალბებულ არჩევნებს არ ვაღიარებთ - "ძლიერი საქართველო"

27.10.24 15:53
გაყალბებულ არჩევნებს არ ვაღიარებთ - "ძლიერი საქართველო"

 

 

ივანიშვილმა და "ოცნებამ" გუშინდელი არჩევნები რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კოალიცია "ძლიერი საქართველო" ამ გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს და თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

გვინდა განვაცხადოთ, რომ გუშინდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად მიითვისა და წაართვა ქართველ ხალხს. ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს. ამას ვაცხადებთ სრული სერიოზულობით და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას და ასევე მათი უფლებების დაცვას, რომ ეს ქვეყანა, უმრავლესობის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე, არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში. ეს არ მოხდება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, ვდგავართ სიმართლის მხარეს, ვდგავართ გამჭვირვალობის მხარეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიძახით, გუშინდელი არცევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ბიძინა ივანიშილმა „ეფ ეს ბე“-ს და „კა გე ბე“-ს მეთოდებით  და მათი დახმარებით ჩაატარა საქართველოში. არავინ გული არ გაიტეხოს, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის და არავის მივცემთ უფლებას, არცერთ ადამიანს, რომელიც აქ ჩანერგილია, რომ ამ ქვეყნის კურსი შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილის თამადობით,  - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.