ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინებას, იძულებას და ზეწოლას - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი
დაშინება, იძულება და ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე - სწორედ ეს იყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ოუენ მერფის მთავარი სათქმელი, რომელმაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა.
როგორც ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე ზეგავლენის მოხდენას, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განმარტებით, ზრდის ეჭვებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფლად ვერ დააფიქსირა.
"ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებას" - აღნიშნავს ოუენ მერფი.
პირველად მოხდა, რომ გაიმართა სრულად პროპორციული სისტემით და პირველად მოხდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები ხდება იმ გარემოში, რომელიც არის პოლარიზებული და ამას თან ახლავს ის ეჭვები და შეშფოთებები, რაც უკავშირდება ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებას. ასევე არსებობდა ცვლილებები, გაუქმდა გენდერული კვოტები და ასევე საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ცვლილებები იქნა შეტანილი.
19 სექტემბრიდან ჩვენ მივლენილი გვყავდა 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი და ასევე ჩვენ ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ კამპანიის პერიოდში კამპანიის შესაძლებლობები იქნა შეზღუდული. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს და თავდასხმებს.
ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, იძულებას და ზეწოლას, განსაკუთრებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, თუ რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებასაც.
მმართველ პარტიას ჰქონდა დიდი ფინანსური უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით. საჯარო ნდობა და გამჭვირვალობა კამპანიის ზედამხედველობის კუთხით შეზღუდული იყო. ასევე უნდა აღინიშნოს ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაც", - ამბობს ოუენ მერფი. (სინქრონული თარგმანი).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).