"ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ბრიუსელშიც წააგო

27.10.24 17:29
 "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ბრიუსელშიც წააგო

"ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ბრიუსელშიც წააგო. ცესკოს მიერ ამ დროისთვის დათვლილი მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტია ბრიუსელში 182 ხმა, ხოლო პროდასავლურმა ოპოზიციამ 600-ზე მეტი ხმა მოაგროვა. 

ბრიუსელი არ ყოფილა ის ერთადერთი ევროპული ქალაქი, სადაც ივანიშვილის გუნდი არჩევნებში დამარცხდა. ცესკოს მონაცემებით ირკვევა, რომ პარიზში "ქართულმა ოცნებამ", მხოლოდ და მხოლოდ, 12 ხმის აღება შეძლო. 

ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები "პირველებთან" ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ერთგვარი პასუხი. ამასთან, ემიგრანტები "ქართული ოცნების" მმართველობასა და ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობას შორის, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამენ. 

ქართველი ემიგრანტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროცენტულ მაჩვენებელსა და საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და ხელისუფლებას ძალაუფლების დათმობისკენ მოუწოდებენ.

80%-მდე მიიღო ოპოზიციამ ბელგიის სამეფოში და უპრეცედენტო აქტიურობა იყო. გვინდა, რომ წახვიდეთ. არ შეიძლება, ადამიანი შეეცადოს ამ საუკუნეში და ამ დროში ბრეჟნევად იქცეს და ბრეჟნევიზაცია მოახდინოს ქვეყნის. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ის პროცენტები, რაც დაიწერა, ვითომ, ამდენმა ადამიანმა თავის გადარჩენაზე იფიქრა. არ გვჯერა ამის. ემიგრანტების ოჯახები საქართველოში არიან და თუ ემიგრანტებში იგებს ჯანმრთელი აზრი და მომავალი ევროპისკენ, მაშინ ადგილზე საქართველოში ვერ დაიწერებოდა ამდენი პროცენტები", - ამბობს ემიგრანტი. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ირკვევა, "ქართული ოცნება" ესპანეთში, ბელგიაში, დანიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიაში, იაპონიაში,  ჩინეთში, ამერიკასა და საფრანგეთში დამარცხდა. პროცენტების მიხედვით, საზღვარგარეთ მმართველმა პარტიამ ჯამურად 13.327%-ის მოპოვება შეძლო, ხოლო ოპოზიციამ 77.205% მიიღო.