ხალხს ეუბნებოდნენ, თუ "ქართულ ოცნებას" მხარს არ დაუჭერდნენ, დახმარება შეუწყდებოდათ - NDI-ის მეოთხე პრეზიდენტი
"ქართული ოცნების" მიერ ამომრჩევლის დაშინების ფაქტებზე საუბრობს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, NDI-ის მეოთხე პრეზიდენტი.
"ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო მოხელეები დააშინა და მათზე იძალადა - თქვა თამარა კოფმან უიტსმა.
"ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ მათ მხარს არ დაუჭერდნენ, დახმარება შეუწყდებოდათ" - ამბობს უიტსი და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი დაშინება მიმდინარეობს.
ამასთან, თამარა კოფმან უიტსის შეფასებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე სახელისუფლებო გავლენა იგრძნობა, რის გამოც უწყების მიმართ ნდობა დაბალია.
სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი დაშინება მიმდინარეობს. ისინი საფრთხის წინაშე დგანან. ამის მიზეზი პოლიტიკური ელიტაა. "ქართულმა ოცნებამ" კამპანიის გასაზრდელად და აქტივობის შესასრულებლად ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. დააშინეს და იძალადეს სახელმწიფო მოხელეებზე. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ მათ მხარს არ დაუჭერდნენ, დახმარება შეუწყდებოდათ. საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა დაბალია, რადგან იგრძნობა სახელისუფლებო გავლენა. საეთერო დროის არ დათმობამ ოპოზიციურ პარტიებს არ მისცა შესაძლებლობა, რომ გაემართათ სრულფასოვანი კამპანია", - ამბობს თამარა კოფმან უიტსი.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჯამში 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).