"არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი" - ასე ეხმაურებიან ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარები საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.
განცხადების ავტორები პირდაპირ წერენ, რომ ამ ფონზე ევროკავშირი არჩევნების შედეგებს ვერ ცნობს.
ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარები თვლიან, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაზე.
აქვე, ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ ისწრაფვიან.
ჩვენი სოლიდარობა ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ მრავალ ერთგულ ევროპელს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, ისწრაფვიან თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ. ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის გულში.
მაგრამ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური კლიმატი შეუთავსებელი იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, იყენებდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას, ყიდულობდნენ ხმებს. ამას ნათლად ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები. ასევე ყურადსაღებია არჩევნების გაყალბება არჩევნების დღეს დაშინებისა და ხმების მოსყიდვის გზით.
ქვეყანა იმაზე მეტადაა გაყოფილი ქალაქებსა და სოფლებს შორის, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის, ვიდრე ჩვენ ვშიშობდით.
ეს არჩევნები იყო ევროპასა თუ იზოლაციის, დემოკრატიისა თუ ავტორიტარიზმის, თავისუფლებისა თუ რუსიფიკაციის შესახებ. ჩანს, საარჩევნო კამპანიის პროცესში ნათლად არ გამოჩენილა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ვერ გაგრძელდება ამ მმართველი პარტიისა და მისი ასეთი პოლიტიკის პირობებში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან.
„გლობალური ომის პარტიის“ შიშზე აგებულმა მზაკვრულმა კამპანიამ, რომ თითქოს საქართველოს მეორე უკრაინად შეიძლება იქცეს, როგორც ჩანს, ნაყოფიერი ნიადაგი ნახა. არსებობს მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტია“ და თქვენ მას თავისი სახელი უნდა დაარქვათ. მისი სახელია რუსეთი.
ამ ფონზე ევროკავშირი ვერ ცნობს შედეგებს.
ჩვენ მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო პროცესებზე უსამართლო გავლენაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დაშინებასა და მუქარაზე.
მიუხედავად ამ დიდი იმედგაცრუებისა, ჩვენ ახლა არ უნდა მივატოვოთ საზოგადოების პროევროპული ნაწილი. პირიქით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოების დაცვა. ამ ეტაპზე, ჩვენ უარვყოფთ ისეთ კოლექტიურ სასჯელს, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. თუმცა, ჩვენ გვეშინია კარგად განათლებული, პროევროპელი ახალგაზრდების გადასახლების. მიუხედავად იმისა, რომ მოგესალმებით ევროკავშირში, ეს იქნება ტრაგედია საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის.
ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ქვეყნის „ბელარუსიზაციის“ გამო. თუ მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის განცხადებებს ქმედებების მოჰყვება, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირმა ნათლად უნდა აუწყოს მმართველ პარტიას, რომ ამას არ მიიღებს და ამ შემთხვევაში ურთიერთობების სრულად შეწყდება.
ჩვენ ვაგრძელებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისა და უზრუნველსაყოფად“, - წერია ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ემანუელის ზინგერისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ჟიგის პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ჩარლზ ფლანაგანი, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტის დეპუტატი
- ბოგდან კლიხი, პოლონეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- კერსტინ ლანგრენი, შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი
- ლია კუარტაპელე, იტალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ოლექსანდრ მერეჟკო, უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- ინარა მუნიეცე, ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
- რადოსლავ ვოგიელი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ალი ეჰსასი, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე