ვიქტორ ორბანს საქართველოში კობახიძე უმასპინძლებს - მთავრობა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.
"29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უნგრეთის პრემიერმინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
ვიქტორ ორბანის საქართველოში სტუმრობას უკვე მოჰყვა გამოხმაურებებიც.
უკრაინის რადაც წევრი, დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"ორბანი ხვალ თბილისში ჩამოვა. ისინი ძალიან ჩქარობენ, მიულოცონ ივანიშვილს საქართველოს არჩევნების შესყიდვა". - წერს გონჩარენკო.