დემოკრატიის უკუსვლა - ევროპარლამენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნებით შეშფოთებულია
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროპარლამენტის განხილვის მთავარი ობიექტია - ევროპარლამენტი საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ განცხადებაში წერია, "საქართველოში სიძულვილისა და დაშინების კლიმატმა შესაძლოა, რომ პოლიტიკური პროცესები სერიოზულად შეარყიოს".
ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი, ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტი აცხადებს, რომ "ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შემაშფოთებელია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო".
ჩვენ ვშიშობთ, რომ სიძულვილისა და დაშინების ატმოსფერომ, რომელსაც ჩვენ შევესწარით არჩევნების დღეს, შეიძლება სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური პროცესი საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები გამოიძიონ და აღმოიფხვრას.
ევროპარლამენტის დელეგაცია ზოგიერთ უბანზე მაღალი დაძაბულობას, დაბნეულობას და ქაოსს შეესწრო და ერთ შემთხვევაში - საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრას, დამკვირვებლებზე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომლებიც ცდილობდნენ დარღვევების შესახებ საჩივარის დაწერას.
ასევე ვნახეთ, რომ დამკვირვებლებსა და მედიას საარჩევნო უბნიდან აძევებდნენ. ამასთან, პარტიული დამკვირვებლები მობილიზებულები იყვნენ როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე მის გარეთ.
აგრეთვე, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი ყოველთვის არ იყო უზრუნველყოფილი".- განმარტა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ევროპარლამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ "ქართველ ხალხს მკვეთრი არჩევანი წარუდგინეს. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ არჩევანი გასაკეთებელი იყო მშვიდობასა და ომს შორის, ხოლო ოპოზიციამ ეს წარმოადგინა, როგორც რეფერენდუმი საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე".
ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველმა პარტიამ გამოიყენა ანტიდასავლური და მტრული რიტორიკა საქართველოს დემოკრატიული პარტნიორების, განსაკუთრებით, ევროკავშირის, მისი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მიმართ.
მმართველი პარტია პროპაგანდას უწევდა რუსულ დეზინფორმაციას, მანიპულირებას და შეთქმულების თეორიებს", - განაცხადა ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტიმ
ამასთან, ლოპეს-ისტურიზ უაიტიმ 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არსებობდა კენჭისყრის პროცედურისთვის ძირის გამოთხრისა და მანიპულაციების ნიშნები.
გავრცელდა ინფორმაცია მამრთველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებაზე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის მოხდენაზე. ასევე, პირადობის მოწმობის ჩამორთმევაზე.
არსებობდა ისეთი ინსტიტუტები, მაგალითად, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.
ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიება ასახავს ნათელ სურათს დახვეწილი, ფართოდ გავრცელებული და კარგად ორგანიზებული სქემის შესახებ“, - თქვა ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტმა.
ვროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობის, დაშინების, სიძულვილის ენის, დევნისა და რეპრესიების შესახებ.
დემოკრატიული არჩევანი ფუნდამენტური უფლებაა და სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოწინააღმდეგე პარტიების აკრძალვის მიზნით მიუღებელია დემოკრატიისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“, - დაასკვნა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა.