მელია - იქნება ძალიან მკვეთრი, გააზრებული გადაწყვეტილებები - ვნახავთ, საზოგადოება რისთვის არის მზად
პარლამენტში არ იქნება “კოალიცია ცვლილებისთვის” არც ერთი წარმომადგენელი - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განუცხადა.
მისი თქმით, იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მოჰყვება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და გამოჩნდება, საზოგადოება რისთვის არის მზად.
ეს პარლამენტი უნდა გახდეს ერთპარტიული, კომუნისტური ყაიდის პარლამენტი, თავისი ფორმითაც და შინაარსითაც ისედაც ასეთი იყო.
ეს არ იყო არჩევნები. თუ ვინმეს გჯერათ, დედოფლისწყაროდან დაწყებული, ყაზბეგით დამთავრებული, თბილისით დაწყებული, ხულოთი დამთავრებული, რომ “ქართულ ოცნებას” ამ ქვეყანაში 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაეზარდა მხარდაჭერა თითქმის 20%-ით , ასეთ ადამიანთან კამათს აზრი არ აქვს და მადლობა ღმერთს, ასეთი ხალხი ძალიან მძიმე უმცირესობაშია"- თქვა მან.
მისი თქმით, კარგია, რომ საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს გასამმაგებული, გაოთხმაგებული ენერგიით.
ახლა მხოლოდ ემოციური საუბარი და გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი, იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მოჰყვება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები და ვნახავთ, საზოგადოება რისთვის არის მზად. საზოგადოება ცვლილებებისთვის მზად იყო და არის და ამ ცვლილებებისთვის იქნება ბრძოლაში მანამ, სანამ ეს ცვლილებები დადგება”, - განაცხადა ნიკა მელიამ.