ხაზარაძე: კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, შევხვდებით პრეზიდენტსაც
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილ შეხვდება.
განცხადება ამის შესახებ ხაზარაძემ ოპოზიციური კონსულტაციების დაწყებამდე გააკეთა.
ამ წუთებში ოპოზიცია მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებთან.
„ეს შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მერე გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან, ამიტომ ეს საკმაო ხანი გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს. ძალიან ბევრი საკითხია, დეტალებს ვერ გეტყვით, უცხოელებთან ურთიერთობა, ჩვენ ამომრჩეველთან ურთიერთობა, ფაქტების შეგროვება, რომელიც ყოველდღიურად მოდის და ა.შ.“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში. პოლიტიკური პარტიები არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიან. "გვაქვს იმაზე მეტი სამხილი ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია " - ამბობენ ლიდერები.