პირდაპირი თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებაზე - ჰელსინკის კომისია ბუზიაშვილსა და გელავას საქმეზე
ჰელსინკის კომისია „ატლანტიკური საბჭოს“ თანაშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ამერიკულ იმ ორგანიზაციაზე თავდასხმად აფასებს, რომელიც მათ ასაქმებს.
კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.
„შევიტყვე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა მათ დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაციაზე.
თუ ეს მიგვანიშნებს, რა გველის, მაშინ ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ მკვლევარებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, გააკეთონ თავიანთი საქმე შიშის გარეშე. ჩვენი „მეგობარი აქტით“ საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის“, - წერია ჰელსნიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.