მაია მწარიაშვილი: პროკურატურა პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, ზურაბიშვილის გაჩუმება უნდათ

30.10.24 17:54
მაია მწარიაშვილი: პროკურატურა პოლიტიკური ბრძოლის იარაღია, ზურაბიშვილის გაჩუმება უნდათ

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი პროკურატურაში პრეზიდენტის დაბარებას "ტვ პირველთან"  ეხმიანება და აცხადებს, რომ პროკურატურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის გამოყენებული. 

მისი თქმით, ის რაც დღეს ხდება გამოძიების იმიტაციაც არ არის. ხელისუფლების მიზანი კი, მწარიაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გაჩუმებაა: 

ეს გახლავთ იმის მცდელობა, რომ პრეზიდენტს აუკრძალონ, გამოთქვას თავისი მოსაზრება, პოზიცია, მათ შორის, პოლიტიკური სიტყვა.

გამოძიების ორგანო გახლავთ პროკურატურა. პროკურატურა არ მუშაობს ასე, რომ პრეზიდენტს მიმართოს - შენ რა იცი დანაშაულზე, კეთილი ინებე, მობრძანდი და მომიყევიო. მერე სხვებმა რა იციან, მობრძანდნენ და მომიყვნენო. აბა გამოძიების ორგანო რა არის.

გამოძიება ჩვენ რატომ გვინდა, ხომ?! პროკურატურა არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ამ წუთას და მიაქციეთ ყურადღება სახელისუფლებო სპიკერების განცხადებებს. ახლა მიბრძანდეს პრეზიდენტი და მიიტანოს მტკიცებულებები, ეს არ არის გამოძიება. გამოძიების იმიტაციაც კი არ არის", - ამბობს მაია მწარიაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.