ბორელი საქართველოზე: დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო

30.10.24 18:37
ბორელი საქართველოზე: დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. 

როგორც მან ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, არცერთ საერთაშორისო დამკვირვებელს არ უთქვამს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. 

ბორელი გამოვლენილი დარღვევების ობიექტურ და დამოუკიდებელ გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს: "არჩევნების დარღვევებზე საჭიროა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება":

მინდა დავიწყო იმ ცენტრალური ქვეყნით, საიდანაც მოდის ახალი ამბები. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. უნდა იყოს გამოძიება დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ. ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ რაოდენობა არის დიდი და მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, და ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა გამოძიება, რამხელა იყო დარღვევების მასშტაბი და როგორ მოახდინა ამან გავლენა შედეგებზე", - ამბობს ბორელი.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა შესაბამის კითხვაზე პასუხისას საქართველოში ჩატარებული გარემო შეაფასა და თქვა რომ "დარღვევების გრძელი სია, გამოძიებას მოითხოვს": 

როცა დამკვირვებლები არიან დარწმუნებული, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამას აცხადებენ. საპირისპირო განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ არ უთქვამთ, რომ ეს იყო სამართლიანი.  დარღვევების გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას, ველით, რომ ხელისუფლება, რომელსაც ეხებოდა საარჩევნო პროცესის მართვა ამას  გააკეთებს გამჭვირვალედ"- განაცხადა ბორელმა. 

მან საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების წაკითხვა ურჩია და დარღვევების ჩამონათვალი გააკეთა. მათ შორის იყო დაშინება, იძულება და პირადობების ჩამორთმევის სკანდალი: 

ველით, რომ ცესკო და შესაბამისი სტრუქტრუები (დარღვევებს) გამოიძიებენ. მხოლოდ და მხოლოდ წაიკითხეთ მათი ანგარიში. იქ არის გრძელი სია, თუ რა არ იყო კარგი. არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მანამდე პერიოდში. მთელი პროცესი იყო დაძაბული, გარემო იყო დაძაბული, პროცედურული დარღვევებით, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული პრობლემებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, იძულებით. უნდა წავიკითხოთ და საკუთარი დასკვნა გავაკეთოთ"- თქვა ბორელმა. 

საქართველოს საკითხი ევროკავშირში - რუსუდან დუმბაძე ყველა დეტალით