პრეზიდენტი: ახლა მოვუსმინე ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია
საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურაში დაბარების ფაქტს საგანგებო ბრიფინგით პასუხობს. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ვიდეო-მტკიცებულებებით დაიწყო, რომელიც საარჩევნო უბანზე და მის მიმდებარედ გამოვლენილ უხეშ დარღვევები იყო აღბეჭდილი.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაც ახსენა და თქვა: "მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია".
პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მტკიცებულებებს პროკურატურა წარადგენს და პრეზიდენტისგან არ ითხოვს.
აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება აქ, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებები, ბატონებო. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს უნდა თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხო? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი რომ ვთქვა, არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათაშორის, ახლა, ამ წუთში, მოვდიოდი და მოვისმინე ჟოზეფ ბორელისთვის, მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების რაც არის ჩამოთვლილი, არის ზუსტად იგივე. და პროკურატურა, უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილზე რომ სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებას, - განაცხადა პრეზიდენტმა.
რა თქვა ჯოზებ ბორელმა?
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. როგორც მან ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, არცერთ საერთაშორისო დამკვირვებელს არ უთქვამს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
როცა დამკვირვებლები არიან დარწმუნებული, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამას აცხადებენ, საპირისპირო განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ არ უთქვამთ, რომ ეს იყო სამართლიანი. დარღვევების გრძელი სია ითხოვს ანალიზს და გამოძიებას"- განაცხადა ბორელმა.
მან ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევასა და პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა:
მთელი პროცესი იყო დაძაბული, გარემო იყო დაძაბული, პროცედურული დარღვევებით, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებული პრობლემებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, იძულებით. უნდა წავიკითხოთ და საკუთარი დასკვნა გავაკეთოთ. ჩემი პოზიცია ორგანისგან განსხვავდება მაგრამ არ ვიტყვი, რომ ყველა წევრს ერთი და იგივე პოზიცია გააჩნიათ"- დასძინა მან.