რატომ დაედო მკვლევარების ანგარიშებს ყადაღა - საგამოძიებო სამსახურის განცხადება

30.10.24 20:14
რატომ დაედო მკვლევარების ანგარიშებს ყადაღა -  საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშებზე ყადაღის დადების ფაქტს ადასტურებს. 

უწყების თქმით, კონკრეტული პირების ანგარიშებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაედო.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.

დღეის მდგომარეობით გამოძება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ"- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 24 ოქტომბერს,  „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.