საპარლამენტო არჩევნები და დასავლეთიდან წამოსული განცხადებები - ია მეურმიშვილი ამერიკის გზავნილებს აფასებს
ჟურნალისტი ია მეურმიშვილი "ტვ პირველის" ეთერში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
"ამერიკის" ხმის ყოფილი კორესპონდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ 29 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება დასტურია იმისა, რომ შტატებში საქართველოზე და ქართულ დემოკრატიაზე აქტიურად ფიქრობენ.
ამასთან, როგორც ია მეურმიშვილი აცხადებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების კომენტარები მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გამჭვირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს, მდგომარეობის გამოსწორების შანსი კვლავ არსებობს.
რეალობა ის არის, რაც აქამდე ვიცოდით. ახლა უკვე გვაქვს დადასტურებულად, ევროკავშირის მიერ თვითონ ნათქვამი განცხადებამ, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. არავის არ უთქვამს, რომ ევროკავშირის კარი დაკეტილია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რამდენიმე კანონზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელსაც რუსული კანონის სახელით ვიცნობთ. ასევე არჩევნებზე, სადაც ითხოვენ, როგორც ევროპული მოკავშირეები ჩატარდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება იმ დარღვევებისა, რომელსაც წარმოადგენენ საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლები.
საინტერესო იყო ბაიდენის განცხადება. მოგეხსნებათ შეერთებულ შტატებში უკიდურესად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდია ახლა და ამ ეტაპზე ადმინისტრაციის მხრიდან გაკეთებული განცხადება მნიშვნელოვანია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ფიქრობენ საქართველოზე და ქართულ დემოკრატიაზე. პრეზიდენტი ბაიდენიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, რომ აღადგინოს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ", - ამბობს ია მეურმიშვილი.
რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?
- აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
- აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.
როგორია ჰელსინკის შეფასება?
- ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
- “აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“