"ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც" - "თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს

31.10.24 12:25
"ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც" -  "თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ახალ ინიციატივას აჟღერებს - ლევან ცუცქირიძე და მისი თანაგუნდელები ხვალ, 1 ნოემბერს, 19:00 საათზე, მზიურში შეიკრიბებიან, სადაც მოქალაქეებთან ერთად სამოქმედო გეგმას დასახავენ და შემდეგ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. 

როგორც "თავისუფლების მოედნის" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ და მათი მიზანი არჩევნების გაყალბების გამოძიება და იმ პირთა იდენტიფიცირება იქნება, რომლებიც ამ სქემაში მონაწილეობდნენ. 

ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ამიტომ ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება საყოველთაო, მშვიდობიანი, დემოკრატიული და იქნება კანონიერი, რა თქმა უნდა. ამ მოძრაობის ადგილი იქნება ყველგან. ჩვენ ვიმოქმედებთ ქუჩებშიც, აუდიტორიებშიც, პარკებშიც, არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქსა და სოფელში.

ჩვენ შევეცდებით, გამოვიძიოთ გაყალბება, რაც მოხდა. ჩვენ იდენტიფიცირებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობდა ამ გაყალბებაში, ჩვენ შევზღუდავთ ხელისუფლების წევრებს და მათ მოქმედებებს, საჯარო სივრცეში ჩავატარებთ ახალი ტიპის აქციებს. ეს არ იქნება მხოლოდ მასობრივი აქციები, არამედ იქნება აქციები, რომელიც დაანახებს ადამიანებს იმას, თუ რა მოხდა საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ამაზე მათი რეაგირება.

ჩვენ ვიკრიბებით ხვალ, საღამოს 7 საათზე მზიურში და გვინდა, რომ ჩვენს ყველა მეგობარს, თანამოაზრეს და ყველა თავისუფალ მოქალაქეს ვუთხრათ, რომ შემოგვიერთდნენ მზიურში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შემდეგ ნაბიჯებზე", - ამბობს სიმონ ჯანაშია.