მარია ზახაროვას საქართველოში ჩატარებული არჩევნები მოსწონს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს და წერს, რომ "რუსეთი ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას პატივს სცემს".
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება.
კოლოსალური ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ამომრჩევლებმა 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირეს სტაბილურობას, განვითარებას და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს. [ისინი] მიხვდნენ, რომ ამ ყველაფრის ალტერნატივა იქნებოდა დესტაბილიზაცია და რეგიონული დაძაბულობის ზრდა. საქართველოს უახლოესმა მეზობლებმა რეგიონში, ასევე დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა უკვე მიულოცეს ქართულ ოცნებას დამაჯერებელი გამარჯვება...
რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.