ეუთო/ოდირი: დაკვირვების 1 924-ის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა
დაკვირვების 1 924-ის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა - ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია საუბარი.
OSCE/ODIHR მიუთითებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25%-ში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ დაკვირვების 1 924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც მისიის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა, არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.
ამასთან, აღნიშნულია, რომ დაკვირვების 24%-ში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულენეტების ჩაყრით ან 7%-ში უბნის დაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად "ქართული ოცნებიდან" ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ და აღნიშნულია, რომ ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან "კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას".
საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10%), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7%).
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა.
ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ.
დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7 პროცენტი) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4 პროცენტში)", - ნათქვამია ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრიდილი რაოდენობის გამო, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99% და 98%-ში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ.
გამონაკლისი შემთხვევა იყო მხოლოდ დეფექტური მოწყობილობისა და ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს შორის მონაცემთა სინქრონიზაციასთან დაკავშირებული იშვიათი ხარვეზების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიამ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს მოწყობილობები, 9%-ში ყველა ამომრჩეველს არ მიეცა ადეკვატური ინსტრუქცია ბიულეტენის გაფერადებისა და ხმის დაფიქსირებასთან დაკავშირებით.
საარჩევნო უბნების 54%-ში ზოგიერთ ამომრჩეველს გაუჭირდა ხმების დამთვლელ მოწყობილობაში ბიულეტენის შეცურება", - ვკითხულობთ ანგარიშში.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ინციდენტით, ამომრჩეველთა და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებით.
სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმების დამთვლელი მოწყობილობები უმეტესწილად გამართულად მუშაობდნენ, თუმცა დაკვირვების არეალში მოქცეულ საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების უმრავლესობას გაუჭირდა ხმების დამთვლელი მოწყობილობის გამოყენება.