პროცესი დამოკიდებული იქნება სიმტკიცესა და გამძლეობაზე, შეგუებას არ ვაპირებთ - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მოპარული არჩევნების დაბრუნებისთვის სიმტკიცე და ნებისყოფა იქნება საჭირო. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ სისრულეში რუსული გეგმა მოიყვანა და ამასთან შეგუებას არავინ აპირებს. მისი თქმით, ბრძოლა იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდება.
პროცესი არის ძალიან სერიოზულად დამოკიდებული გამძლეობაზე, სიმტკიცეზე, ნებისყოფაზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ რიგით პატარა გაყალბებაზე, რომელსაც მიგვაჩვიოს პოსტსაბჭოთა სივრცის საქართველოში. ეს იყო სპეცოპერაცია რუსების მიერ დაგეგმილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დაუტრიალონ და დააბრუნონ რუსეთში. ეს არ მოხდება. ჩვენ დავიბრუნებთ ამ არჩევნებს, დავიბრუნებთ ახალი არჩევნების გზით, მშვიდობიანად, მტკიცედ და ეს ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ჩვენ ქვეყანას არ მივიყვანთ იმ ნიშნულამდე, რასაც ევროკავშირში აქტიური მოლაპარაკებების დაწყება ჰქვია, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დაინიშნოს.