ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან

01.11.24 13:41
 ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან

პროტესტი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან. ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები მოქალაქეები გეგმავენ, მთელ მსოფლიოს უჩვენონ და გააგონონ, რომ მათ ქვეყანაში მოქალაქეებს ხმის უფლება წაართვეს. 

2 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ემიგრანტები ერთიანდებიან და მართავენ აქციებს ქართველი ხალხის და საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან ხელისუფლება ყველაზე ცუდად მოექცა ემიგრანტებს. მათ შეუზღუდეს ხმის მიცემის უფლება, არ გაუხსნეს დამატებითი უბნები და ის უბნები, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ, რომ საკმარისი იყო მათთვის, იყო გადაჭედილი, უამრავმა ადამიანმა ვერ შეძლო ხმის მიცემა და ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის მიტაცებული ხელისუფლება. ამ აქციით ისინი გვიცხადებენ სოლიდარობას და მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტად, უფრო კონსოლიდირებულად გამოხატონ თავიანთი პოზიციები, დაგმონ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი, - ამბობს მოქალაქე. 
 

პარალელურად, 4 ნოემბერს 17:00 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსებულია თბილისშიც.  პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.  დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დანიშნოს.