გახარიას გუნდი ეჭვობს, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას ანადგურებს

01.11.24 20:07
გახარიას გუნდი ეჭვობს, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას ანადგურებს

 

ყოფილი პრემიერის პარტიაში აქვთ ეჭვი, რომ ცესკო არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას ანადგურებს. ეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა საერთო სიას ეხება, რომელზე წვდომაც ახლა მხოლოდ ცესკოს და კონტრაქტორ კომპანიას აქვს. მონაცემთა ბაზა ელექტრონული მოწყობილობის სერვერზეა შენახული. მასზე წვდომას რამდენიმე დღეა ითხოვს გახარიას პარტია და ამბობს, რომ ის კარუსელების არარსებობას დაადგენდა, თუმცა მოთხოვნაზე უარი აფიქრებინებთ, რომ ცესკო მას ანადგურებს. 

გახარიას პარტია ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობს. ყოფილი პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ თუკი ცესკო შექმნიდა ნეიტრალურ პლატფორმას, მოქალაქეებს ექნებოდათ შანსი, თავად გადაემოწმებინათ საკუთარი მონაცემები. ასე ამომრჩეველი გაიგებდა, დაფიქსირდა თუ არა მათი ხმა, რომელ უბანზე და როდის. ამ პლატფორმით ასევე შესაძლებელი გახდებოდა, არჩევნებზე ვერმისულ მოქალაქეს სცოდნოდა, გამოიყენეს თუ არა მათი ხმა სხვებმა ბოროტად ნებართვის გარეშე. ცესკოში ამბობენ, რომ ამის საშუალებას კანონი არ იძლევა. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "პირველებს" ჯერ უთხრეს, რომ ვერ გვეტყოდნენ რამდენი ხნის განმავლობაში შეინახავდა ცესკო ამომრჩეველთა ერთიან ბაზას, შემდგომ კი დააზუსტეს, რომ ინფორმაცია მათთვის ერთი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება. მართალია, ექსპრემიერის პარტიის მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა, თუმცა ივანიშვილის პარტიამ ის პოლიტიკური ფანდისთვის გამოიყენა. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას სთავაზობს, რომ მათ არჩევნები აღიარონ, პარლამენტში შევიდნენ და შემდეგომ საგამოძიებო კომისიაში დაადგინონ, იყო თუ არა მათ მიერ აღიარებული არჩევნები სამართლიანი. მდინარაძე ამტკცებს, რომ ეს არ არის სატყუარა, თუმცა ოპოზიციისთვის სატყუარაზე მეტს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ "ოცნება" ყველა გზით ცდილობს პარტიები საკანონმდებლო ორგანოში შეიყვანოს და ლეგიტიმაცია მოიპოვოს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.