დიდი მზადება დაწყებულია - პროევროპული ოპოზიცია მოქალაქეებს ქუჩიდან ბრძოლისკენ მოუწოდებენ
დიდი მზადება დაწყებულია - 4 ნოემბერს, 19:00 საათზე, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და რიგითი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და ცივილურ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებენ საკუთარ ხმას, რომ მათი ევროპული არჩევანი მოპარულია.
მესამე სექტორი და პროდასავლური ოპოზიცია მოქალაქეებს ქუჩიდან ბრძოლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ თითოეულმა ადამიანმა კანონისა და მშვიდობის ფარგლებში ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა მთავარ მიზანს, არჩევნების ხელახლა დანიშვნას მიაღწიოს.
საყურადღებოა, რომ სწორედ ორშაბათს ხელისუფლების ოპონენტები შეკრებილი საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებენ და ნათელს მოფენენ იმ მეთოდებს, რომლითაც აპირებენ, "ქართულ ოცნებას" ხელახალი არჩევნების ჩატარება აიძულონ.
ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, ვმუშაობთ მოწმეებთან, ხალხთან და ვაგროვებთ მტკიცებულებებს ამ გამოძიებისთვის. ვითხოვთ ევროკავშირის ჩართულობას. ვაპროტესტებთ, ქუჩის გადაკეტვით იქნება ეს, თუ კარვით. ყველაფერი ეს, როდესაც არის მშვიდობიანი და კანონიერი, არის არათუ მისაღები, არამედ აუცილებელი. "ოცნებამ" ფასი უნდა გადაიხადოს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ამ არჩევნების გაქარწყლება მოხდეს", - ამბობს ანა დოლიძე.