ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ინფორმაციისა და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროებაზე საოლქო კომისიამ უარი გვითხრა - ნაცვლიშვილი

02.11.24 13:45
ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ინფორმაციისა და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროებაზე საოლქო კომისიამ უარი გვითხრა - ნაცვლიშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მიერ საოლქო კომისიაში შეტანილი 73 სარჩელი დაუკმაყოფილებელია - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაციით, კოალიცია ითხოვდა, რომ ამომრჩევლის შესახებ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ინფორმაცია და ე.წ. ჩეკების სიები გასაჯაროებულიყო, თუმცა ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, საოლქო კომისიამ "ძლიერ საქართველოს" არცერთი საჩივარი დაუკმაყოფილა. 

"მიღებული აქვთ უკანონო, ცენტრალიზებული დირექტივა, რომ დანაშაული დაფარონ" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი, რომელიც კვლავ ითხოვს, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დანაშაულის სამხილები თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს

"ძლიერი საქართველოს" სახელით მსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ სამართლებრივი ნაბიჯების შესახებ, რომელსაც "ძლიერი საქართველო" ვდგამთ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მოხდა არჩევნების მიტაცება და ამ დანაშაულის მთავარი სამხილები არის ე.წ. სამაგიდო სიებში და ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთულ სიებში. სწორედ ამიტომ, რომ დანაშაულის მთავარი სამხილები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, "ძლიერმა საქართველომ" 73 საოლქო კომისიაში შეიტანა საჩივარი, სადაც ჩვენ იმ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ადასტურებს არჩევნების მიტაცების სქემას, ვითხოვდით, რომ მომხდარიყო ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების და ე.წ. ჩეკების სიების გასაჯაროებას. 

ანუ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელი ამომრჩეველი რომელ უბანზე არის დარეგისტრირებული, როგორც ხმის მიმცემი და კენჭისყრაში მონაწილე პირი. ეს არის ის სიები, რომელიც ინახავს საკვანძო ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

ნაცვლად იმისა, რომ საოლქო კომისიებს დამოუკიდებლად განეხილათ და მიეღოთ გადაწყვეტილება ჩვენს საჩივრებთან დაკავშირებით, ტოტალურად არ დაკმაყოფილებულა ჩვენი მოთხოვნები, რაც ადასტურებს, რომ სწორედ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც საოლქო კომისიები და მთელი საარჩევნო ადმინისტრაცია მალავს, ასევე საოლქო კომისიები მოქმედებენ არა როგორც კანონი ავალდებულებთ მათ დამოუკიდებლად, არამედ მათ მიღებული აქვთ უკანონო, ცენტრალიზებული დირექტივა, რომ დანაშაული დაფარონ", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.