ამერიკა შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი - ბრაიზა

02.11.24 14:31
ამერიკა შიშობს, რომ საქართველოს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი - ბრაიზა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აფასებს.

როგორც მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება დასტურია იმის, რომ "შტატები შიშობს, საქართველოს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო".

"ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა" - ეუბნება მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმას".

ამასთან, დიპლომატმა ჯო ბაიდენის განცხადებების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" გაკეთებულ კომენტარებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ "როდესაც საქართველოში არჩევნები ცუდად ტარდება, საქართველო შორდება ევროკავშირს, ასე რომ სრულიად მისაღებია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე განცხადება გააკეთა".

როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ვფიქრობ, დენ ტვინინგმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" ძალიან კარგად განმარტა, რომ როდესაც მთავრობა ცვლის და არღვევს საარჩევნო წესებს, მაშინ ის ართმევს საკუთარ მოსახლეობას შანსს, რომ ხმა მისცეს, ან საკუთარი პოლიტიკური აზრი გამოხატოს. ეს კი დემოკრატიულ პროცესში დემოკრატიას ვნებს. 

რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რა უფლება ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტს, რომ ქართულ დემოკრატიაზე კომენტარი გაეკეთებინა - ეს ძალიან ღრმა პრობლემის ნაწილია. საქართველო, რომელიც ასე უყვარს და რომელზეც ზრუნავს ამერიკა ისეთი საქართველოა, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს ევროკავშირის წევრობისთვის.  ევროპელი პარტნიორები კი ჩვენი [ამერიკის] ყველაზე ახლო მოკავშირეები არიან იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად. ასე რომ ამერიკას სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში. როდესაც საქართველოში არჩევნები ცუდად ტარდება, საქართველო შორდება ევროკავშირს. ასე რომ სრულიად მისაღებია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე განცხადება გააკეთოს” - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

რას წერს ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?

  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.
  • აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა.

როგორია ჰელსინკის შეფასება?

  • ქართველმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას"
  • “აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და გადადგას საბოლოო ნაბიჯები, რათა დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავიანთი დემოკრატია“