პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება - მეთიუ ბრაიზა
"საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა "ქართული ოცნების" მხრიდან" - ასე ეხმაურება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა მმართველ პარტიაში გაკეთებულ კომენტარებს, რომ თითქოს, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში არსებული პრობლემა უკრაინაში ომის დაწყებას ეხება.
მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, გავრცელებული მოსაზრება, რომ, თითქოს, შტატებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, სასაცილო ტყუილებია.
"პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება" - აცხადებს დიპლომატი.
საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები პროპაგანდაა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყნეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩაეთრია- ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაინასა შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ უკრაინაში რუსეთის ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს. მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება”, - განმარტავს დიპლომატი.
ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ გადაიტვირთება.