აშშ-ის ოფიციალური პირი: საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ცნობებს თუ წავა ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით

02.11.24 19:24
აშშ-ის ოფიციალური პირი: საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ცნობებს თუ წავა ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით

აშშ-ის ოფიციალური პირი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი მექანიზმით გამოძიებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს. 

საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. 

ოფიციალური პირი საუბრობს იმ ზომებზე, რომელთა მიღებასაც ვაშინგტონი თბილისისგან მოელის: 

“არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის ე.წ. "უცხოური გავლენის" კანონის უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია” - ამბობს ის.

“ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გადადგამს თუ არა ის ნაბიჯებს, რომლებიც გამოასწორებს არჩევნებზე დარღვევების ამ ცნობებს, დაშინების, იძულების შესახებ თუ წავა ანტიდემოკრატიული მიმართულებით, ჰიბრიდული რეჟიმის თუ ავტორიტარული რეჟიმის მიმართულებით. ამას, ცხადია, შედეგები მოჰყვება. წინასწარ არ ვაპირებ რაიმე დამატებითი ნაბიჯების შესახებ გაცნობოთ. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები, თუ დავინახავთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მიდის”, - განმარტავს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.

წყარო: ამერიკის ხმა