"არ აგარევინებთ" - მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ დაანონსებული აქციები არაფრისმომტანია
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ არჩევნებში "ქართველმა ხალხმა" გაიმარჯვა და ის მას არ დათმობს. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
სასულიერო პირი ირწმუნება, რომ დაანონსებული აქციები არაფრისმომტანია და "არევის" უფლებას არავის მისცემენ.
მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ - რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.
როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? - ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე - ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო - გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა.
კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდმელმა ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები "დალაგდება".
მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს, - განაცხადა მეუფე იაკობმა.