საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნა - მოსამართლემ არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება ივერი აბაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
''ეს იყო, საბჭოთა ტრადიციებში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც არ არსებობს კომუნისტურ პარტიის გარდა არანაირი უფროსი, ამ შემთხვევაში ''ქართული ოცნების'' - ასე ეხმაურება ''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის'' ერთ- ერთი ლიდერი თამარ კორძაია სასამართლოს გადაწყვეტილებას.
არ არსებობს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, სასამართლო არაფერი არ არსებობს გარდა ერთპარტიული დიქტატორული მმართველობისა. ეს იყო რაც ჩვენ დავინახეთ, იმიტომ რომ არ დააკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა. გვალაპარაკა თითქოს გვისმენდა, მაგრამ ნანახი არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არავითარი არგუმენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩვენი სარჩელები არ დაკმაყოფილდა. როგორ ხდება ისე რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს არცერთი სარჩელი, ეს ხდება ტოტალიტარიზმის და დიქტატურის პირობებში. დღევანდელი სხდომა ამის დადასტურება იყო,''- ამბობს თამარ კორძია
ცნობისთვის, დღეს, 13 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებულ სარჩელს განიხილავდა.
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
- იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ივერი აბაშიძემ ოპოზიციის და მესამე სექტორის 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც მოსარჩლეები საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას და ხმის ფარულობის დარღვევის დადგენას ითხოვენ, დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ბოლო კამათი სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნას მოჰყვა, როდესაც მოსარჩელე პოლიტიკოსებმა საქმის წარმოების შეწყვეტა იქამდე მოითხოვეს, ვიდრე პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიებას არ დაასრულებს.