კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმს ბეჭედი დაარტყა - ცესკომ "ოცნებას" 53.93 % დაუწერა
გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ოქმს ბეჭედი დაარტყა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89 , კოალიცია ცვლილებისთვის 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა 10.17% მანდატების რაოდენობა 16, კოალიცია ძლიერი საქართველო 8.81% მანდატების რაოდენობა 14, გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.
„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. ამის შემდეგ სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.